"გაზის კამერებშიც ათავსებდნენ" - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ბათუმის ფერიის მონასტრის ყოფილი აღსაზრდელის, 21 წლის ბიჭის მონათხრობს ეხმაურება.
ლუკა სარალიძემ მთავარ არხთან მონასტერში ცხოვრების დროს წლების განმავლობაში განცდილ ძალადობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღმზრდელები ბავშვებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ, სცემდნენ მყარი საგნებით, მათ შორის რკინის ჯოხებითაც. სცემდნენ ისე, რომ სისხლიც წამოსვლია.
ლუკა სარალიძე ამბობს, რომ აიძულებდნენ მკაცრად ემარხულათ და ზოგჯერ დღეების განმავლობაში მათი საკვები მხოლოდ პური და წყალი იყო.
მისივე მონათხრობით, აიძულებდნენ ასობით მეტანიის შესრულებას.
"ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვყრიდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით". - ყვება 21 წლის ლუკა.
მთავარი არხის ცნობით, ლუკა სარალიძეზე ზეწოლა სიუჟეტის ეთერში გასვლამდე დაიწყო. არხის ცნობით, მას ურეკავენ, წერენ და საყვედურობენ იმის გამო, რომ გაამხილა აღსაზრდელების შესახებ მძიმე ისტორიები.